Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი ზურაბ ჟვანიას საქმეზე ეჭვმიტანილების დასჯას ითხოვს


თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის ყოფილი წევრების, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ დაწყებული საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე პროკურორმა რევაზ ნადოიმ ბრალდებულების დასჯა მოითხოვა და იმედი გამოთქვა, რომ მსაჯულები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. პროკურორის თქმით, 2005 წლის 2 თებერვალს 12-ის ნახევარზე ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია სახლიდან გაიყვანეს და მიიყვანეს საეჭვო ბინაში, რაშიც მონაწილეობდნენ ხარშილაძე და ძაძამია, რომლებმაც დაცვის გარეშე დატოვეს დასაცავი ობიექტი. "ეს დასრულდა მძიმე შედეგით. საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება და დადგა ეს შედეგი", - განაცხადა პროკურორმა. თავის მხრივ, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეს დაერთოს FBI-ს დასკვნა, რომელიც ინტიმურ დეტალებს შეიცავს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG