Accessibility links

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე წამოიჭრება ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან "საზღვრის" გადმოწევის საკითხს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრისას, „მაქსიმალურად მწვავედ“ დააყენებს ცხინვალის ოკუპირებილი რეგიონიდან საზღვრის გადმოწევის საკითხს. ამის შესახებ აბაშიძემ განაცხადა სოფელ ორჭოსანში ვითარებასთან გაცნობის შემდეგ. ორჭოსანთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც ენერგოკომპანია BP (British Petroleum) ეწევა. პრაღაში აბაშიძე-კარასინის შემდეგი შეხვედრა 15 ივლისს გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 ივლისს გააკეთა განცხადება, რომლითაც „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო“. განცხადების თანახმად, „უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა“.

XS
SM
MD
LG