Accessibility links

logo-print

საქართველო რუსეთისგან მოითხოვს უკანონო მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტას


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში „საზღვრის“ შეცვლის ახალი მცდელობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულტაციებისთვის მიიწვია ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან მოითხოვს მისი უკანონო მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. "გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და ძალას, იმისთვის რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს“, - აღნიშნა დავით კერესელიძემ. მისი ინფორმაციით, უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, რუსეთის უკანონო მოქმედებების საკითხს ქართველი დიპლომატები უმკაცრესად დასვამენ გაეროს, ეუთოს და ევროსაბჭოს წინაშე და სხვა მრავალმხრივი, თუ ორმხრივი ფორმატებით. შექმნილი ვითარების გამო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თბილისში შეხვდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს. გასულ შაბათ-კვირას, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერები დაამონტაჟეს გორის რაიონის სოფლებთან - ხურვალეთთან, წითელუბანთან და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან. შესაბამისად, ამ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის კუთვნილი მიწის ფართობები და ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

XS
SM
MD
LG