Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილმა პროვოკაცია უწოდა „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერების დადგმას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროვოკაცია უწოდა შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერების დადგმას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სრულიად გაუმართლებელი პროვოკაციები ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში თავისი მოქმედებებით დაამტკიცა, რომ მართლაც სურს დიალოგითა და მშვიდობიანი მოლაპარაკებით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პროცესის დაწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება პროცესს შეაჩერებს, რადგან პრემიერის თქმით, მსგავსი პროვოკაცია არცერთ მხარეს არ წაადგება. "ჩვენ გვსურს კონსტრუქციული და პრაგმატული ურთიერთობების განვითარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, კვლავაც პრინციპულნი ვიქნებით ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება ჩვენს ტერიტორიებს – ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა საჭირო არ არის. „მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს, იცოდა, რას აკეთებდა და მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ჟურნალისტების შეკითხვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა ბაქო-სუფსის მილსადენის კიდევ ერთი მონაკვეთი, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ნავთობსადენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის და პარტნიორი სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

XS
SM
MD
LG