Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ცხრა ჯარისკაცი მოკლეს


უკრაინის განცხადებით, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა მეამბოხეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში წამოიწყეს ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იერიში მას შემდეგ, რაც თებერვალში მინსკში გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა რვა და დაიჭრა 16 უკრაინელი ჯარისკაცი. უკრაინის უშიშროების საბჭოს განცხადებით, ბოლო მოვლენები ცხადჰყოფს "რუსეთისა და მისი მარიონეტების მორიგ მცდელობას, ბოლო მოუღონ მინსკის შეთანხმებას" და განაახლონ აქტიური სამხედრო მოქმედებები. უკრაინის სამხედრო პრესმდივნის ანდრეი ლისენკოს ხელთ არსებული მონაცემებით, სამი ჯარისკაცი დაბომბვის შედეგად დაიღუპა, ხოლო ხუთი - ლუგანსკის რეგიონში სახმელეთო ნაღმის აფეთქების შედეგად. მისივე ინფორმაციით, სეპარატისტი მეამბოხეები იყენებენ მძიმე არტილერიას, რაც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით. ამასობაში, მეამბოხეებმა თავის მხრივ დაადანაშაულეს უკრაინის ჯარები თავდასხმების გააქტიურებაში. მათი ინფორმაციით, დაიღუპნენ ორი მეამბოხე და ერთი სამოქალაქო პირი, დაიჭრა შვიდი ადამიანი. აღმოსავლეთ უკრაინაში 6500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული 2014 წლის აპრილში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის ბრძოლის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG