Accessibility links

ხურვალეთთან ბანერების აღმართვის გამო ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის გამო ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. "ბანერების უკანონოდ განთავსება თბილისი-გორის ცენტრალური მაგისტრალისა და ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა. ეს უკანონო მოქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსაც, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის მოსახლეობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს, ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას და უარყოფითი გავლენა აქვს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე" - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ლიტვა კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზეწოლა და აგრესიული პოლიტიკა მეზობლების წინააღმდეგ და დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. „რუსეთის უკანონო ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობის აღდგენას და მომავალში გაართულებს სრულფასოვანი დიალოგის განახლებას რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის" - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG