Accessibility links

logo-print

თბილისი განცხადებას ავრცელებს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო წვრთნებზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრენსიუსი" საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, 2015 წლის 15 ივლისს სამხრეთის სამხედრო ოლქში რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო, ამასთან წვრთნები მიმდინარეოს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. "ამასთან, შეშფოთების საფუძველს ქმნის აგრეთვე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბანერების დამონტაჟების განახლება", - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას.

XS
SM
MD
LG