Accessibility links

logo-print

ეუთოს მუდმივ საბჭოს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მახლობლად ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის აღმიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის შესახებ ეუთოს მუდმივ საბჭოს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვენაში, საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ელჩმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი ნაწილის, ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას და კვლავ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. კონსტანტინე ზალდასტანიშვილის განცხადებითვე, რუსეთის უკანონო ქმედებები - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება და ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა ნაწილია რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომლის ამოცანაა ქართული მხარის პროვოცირება და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების გაუარესება. კონსტანტინე ზალდასტანიშვილის განცხადებით, რუსეთი ხელს უწყობს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში და ევროპულ უსაფრთხოებას აზიანებს. ქართველმა დიპლომატმა დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები და მოუწოდა მას შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მცოცავი ანექსია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა,აშშ-მა, კანადამ, ნორვეგიამ, თურქეთმა, მაკედონიამ, ისლანდიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ და მოლდავეთმა.

XS
SM
MD
LG