Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან შეთანხმება განსახილველად კონგრესს გადაეცა


აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს განსახილველად გადაუგზავნა ირანთან მიღწეული შეთანხმება. 19 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 ივლისს ირანსა და მსოფლიო ექვსეულს შორის მიღწეული შეთანხმება ამერიკელ კანონმდებლებს გადაეცათ 60 დღიანი განხილვისთვის. პროცესი 20 ივლისიდან იწყება. 19 ივლისს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკული ტელევიზიით გამოსვლისას შეთანხმების დაწუნებისკენ მოუწოდა კონგრესს. ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ირანის აგრესიის შესაჩერებლად, მაგრამ ეს შეთანხმება მათ რიგში არ შედის“-ო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 19 ივლისს „სი-ენ-ენს“ განუცხადა: „თუკი კონგრესი შეაჩერებს ამ შეთანხმებას“, ირანთან მოლაპარაკებების პროცესი დასრულებული იქნება. შეთანხმების მიხედვით, ირანი შეზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას და ნებას დართავს საერთაშორისო ინსპექტორებს შევიდნენ მის ბირთვულ ობიექტებზე, სანაცვლოდ კი უნდა გაუქმდეს ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები.

XS
SM
MD
LG