Accessibility links

logo-print

პრემიერმა ვახტანგ გომელაური წარადგინა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე


საქართველოს ახალი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შს-თა ამჟამინდელი მინისტრის ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ვახტანგ გომელაურს უწოდა უაღრესად წესიერი, პრინციპული, სამართლიანი და პროფესიონალი ადამიანი და კარგი მენეჯერი. „მჯერა, რომ ის წარმატებით უხელმძღვანელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ სამსახურმა ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღევანდელ ბრიფინგზე მან უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების შეკითხვა, თუ ვინ შეცვლის ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში კანდიდატი ასარჩევად პარლამენტს წარედგინება. მთავრობის ინიციატივით პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო და ერთმანეთისგან გაიმიჯნა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობას 1 აგვისტოდან დაიწყებს და მისი მოვალეობა იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემის და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან,ტრანსნაციონალურ და სხვა საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა, კორუფციის გამოვლენა და აღკვეთა, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა და შესაბამის ღონისძიებათა შესრულების კონტროლი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გაერთიანდებიან კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში დარჩნენ საპატრულო პოლიცია, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სააგენტო.

XS
SM
MD
LG