Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი ადასტურებს საქართველოსადმი ევროკავშირის მხარდაჭერას


საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველოში დონალდ ტუსკის ვიზიტი „კიდევ უფრო დააჩქარებს და ეფექტურ იმპულსს მისცემს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს“. ეს შეფასება მარგველაშვილმა გამოთქვა თბილისში, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მან ყურადღება გაამახვილა ტუსკის განცხადებაზე, რომლითაც დადასტურებულ იქნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. „ჩვენ დღეს, ფაქტიურად, ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან გვესმის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარებისა და ჩვენი სუვერენიტეტის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ზურგს უმაგრებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, აგრძელებს ჩვენს ხაზს“, განაცხადა მარგველაშვილმა. თავის მხრივ, ტუსკმა განაცხადა, რომ 21 ივლისს შეხვდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან და ადგილზე გაეცნობა ვითარებას. საქართველოში ტუსკის ვიზიტი ითვალისწინებს აგრეთვე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ვიზიტის მეორე დღეს საქართველოსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს.

XS
SM
MD
LG