Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა მიესალმა გაეროს რეზოლუციას ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული რეზოლუცია, რომელიც ეხება ირანთან ბირთვულ სფეროში მიღწეულ შეთანხმებას, ადასტურებს ფართო მხარდაჭერას, რომელიც მოიპოვა შეთანხმებამ. ეს, ობამას თქმით, იმის მაჩვენებალია, რომ არსებობს გლობალური კონსენსუსი: შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმის საგარანტიოდ, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. გაეროს უშიშროების საბჭომ 20 ივლისს, ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც შესაძლებელს ხდის ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაუქმების პროცესის დაწყებას. კენჭისყრა წინასწარვე ფორმალობად იყო მიჩნეული, რადგან უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი, ანუ ვეტოს უფლების მქონე ყველა წევრი - აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი - და მათთან ერთად გერმანია მონაწილეობდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში, რომელიც ვენაში 14 ივლისს დასრულდა შეთანხმებით ირანის პროგრამის შეზღუდვაზე მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. რეზოლუციის მიხედვით, დაიწყება სანქციების ეტაპობრივი და გარკვეულ პირობებთან დაკავშირებული გაუქმება გარანტიების სანაცვლოდ, რომ ირანი არ შექმნის ბირთვულ იარაღს.

XS
SM
MD
LG