Accessibility links

რუსეთმა გაეროში წარადგინა მალაიზიური ბოინგის დაღუპვის შესახებ რეზოლუცია


რუსეთმა წარადგინა გაეროში საკუთარი რეზოლუცია გასული წლის ივლისში, უკრაინის აღმოსავლეთში დაღუპული მალაიზიური სამგზავრო ბოინგის შესახებ. ამის თაობაზე ჟურნალისტებს უთხრა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი კვლავაც წინააღმდეგია შეიქმნას ტრიბუნალი დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. რამდენიმე ხნით ადრე ტრიბუნალის შექმნის შესახებ წინადადება გაეროს უსაფრთხოების საბჭოში შეიტანა მალაიზიამ. მალაიზიის ხელისუფლების გარდა ამ იდეას მხარს უჭერს ჰოლანდია, ავსტრალია, ბელგია და უკრაინა. ძირითადი ვერსიის თანახმად, თვითმფრინავი, რომელიც უკრაინის თავზე მიფრინავდა ჩამოაგდეს რაკეტით. ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო მოქმედებების ხელმძღვანელის, ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭოს ანგარიშის სამუშაო ვარიანტში, აღნიშნულია, რომ სამგზავრო რეისის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა პრორუს სეპარატისტებს ეკისრება. 2014 წლის 17 ივლისს, უკრაინის აღმოსავლეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა, 298 ადამიანი დაიღუპა. მგზავრთა უმეტესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო.

XS
SM
MD
LG