Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ქეთი კაპანაძე

მაშინ, როცა წყნეთის გზაზე უკვე ლოდი იყო ჩამოწოლილი წყენთში მივდიოდით მე, ნინი, თეკლა და ტაქსისტი ცეზარი. სახლიდან გამოვიპარეთ, ნინი ტაქსამდე ბოტებით „შეიარაღებულმა“ ხელში აყვანილი მივიყვანე და გავეშურეთ გოგოები „გასართობად“. ბევრს ვიცინოდით, წინა სავარძელზე მჯდომი თეკლა და ცეზარი გაუჩერებლად წმენდნენ შუშებს ორქლისგან, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო გზის დანახვა.

ჩვენ მაინც მივდიოდით.

ახალ გზაზე მივხვდით, რომ რაღაც უცნაურად წვიმდა. არ ვიცი მაშინ ქვედა გზა უკვე ჩახერგილი იყო თუ არა, მაგრამ ჩვენ საცობში გავიჭედეთ, შემდეგ შუშებამდე წყალში აღმოვჩნდით, თუმცა მაინც გავაღწიეთ იქაურობას და ვაკეში აღმოვჩნდით.

ჩვენ მაინც მივდიოდით.

ბოლოს მანქანა აღარ წავიდა.

აი ასე, შუქნიშანზე გაჩერდა და აღარც დაძრულა. „უნიკალური“ გეგმა მომივიდა თავში - შუა გზაზე გაჩერებული მანქანიდან თქეშ წვიმაში გარეთ გადმოვედი, დიდი ხნის ლოდინის მერე ძლივს გავაჩერე ტაქსი და მერე გოგოები რიგ-რიგობით გადმოვიყვანე ახალ მანქანაში, რომელშიც სხვა მგზავრებიც ისხდნენ, მაგრამ მაგას დავეძებდით ?!

ჩვენ მაინც მივდიოდით.

ჰოდა, წავედით.

ჯერ ერთი მგზავრი დავტოვეთ ქავთარაძეზე და შემდეგ მეორე - ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, წყნეთის სიმაღლეზე. ამასობაში აღმოვაჩინეთ , რომ სრულიად სველები ვიყავით, გვციოდა, უკვე 3 საათი იყო გასული რაც ტაქსში ვისხედით და სულაც აღარ გვინდოდა წყნეთში ასვლა. ჰო, აღარ გვინდოდა, თორემ იმას ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შეიძლება იქიდან ვეღარც დავბრუნებულიყავით. ვაკისკენ დავაპირეთ თეკლას სახლში ასვლა.

ჩვენ ვეღარ მივდიოდით.

გზები ყველა მხრიდან დაკეტილი იყო, მაგრამ ტაქსისტმა დათომ, რომელიც გამუდმებით იმეორებდა, რომ მოწოდებით ნოე იყო, დანიშნულების ადგილამდე მაინც მიგვიყვანა და დაგვტოვა.

ჩვენ გავჩერდით.

სრულიად გადაგვავიწყდა წვიმა. რადგან თავი დავაღწიეთ, გვეგონა გადაიღო კიდეც და ვერც წარმოვიდგენდით, რომ რაიმე უბედურება შეიძლება მომხდარიყო. მაქსიმუმ ჩემთან სამზარეულოში ჩამოსულიყო წყალი. ამიტომ არც მიფიქრია ახალი ამბებისთვის გადამევლო თვალი. ალბათ, ცუდი ჟურნალისტი ვარ. მესიჯით შევიტყვეთ, რომ ზოოპარკიდან ცხოველები გამოიქცნენ. თავიდან გაგვეცინა, ვერ გავიაზრეთ რა ხდებოდა. სანამ საკუთარი თვალით არ ვნახეთ შემზარავი კადრები, ვერაფრით დავიჯერეთ.

დილა გათენდა თუ არა, მივხვდი, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად უფრო ტრაგიკული იყო, ვიდრე წარმომედგინა. მივხვდი, რომ გუშინ უბრალოდ იღბლიანები აღმოვჩნდით და იქ, ახალ გზაზე არ გადავიჩეხეთ. არ აღმოვჩნდით იმ ადამიანების ადგილას, რომლებიც დღეს უკვე ცოცხლები აღარ არიან და რომლებსაც ჯერ კიდევ უშედეგოდ ეძებენ. მშვიდობის ჟურნალისტიკაში წინა დღის ტრენინგგავლილმა ამოვიცვი ისევ ბოტები, ავიღე საწვიმარი, დანა, იმის დამასდასტურებელი საბუთი, რომ ჟურნალისტი ვარ, მოვიმარჯვე ჩემი რეპორტიორის უბის წიგნაკი და საწერკალამი და წავედი გმირთა მოედანზე.

ომი არასდროს მინახავს.

2008-ში თბილისში არ ვიყავი და იქ, სადაც ვიყავი, არაფერი არ ხდებოდა. მხოლოდ ტელევიზორიდან გამოდიოდა განგაშის ხმები.

ახლა მგონია, რომ ომი ვნახე.

ყოველ შემთხვევაში დაბომბვის შემდგომი საათები.

შევხვდი ჩემს ჯგუფელებს, რომლებიც კამერით იყვნენ და გადავიღეთ ყველაფერი - ფიცარზე სახით დამხობილი მკვდარი დათვი, მკვდარი მგელი, გადაჩეხილი მანქანები, ადამიანები, რომლებიც უშედეგოდ ცდილობდნენ საკუთარი მანქანების ამოცნობას და რაც მთავარია, ადამიანები, რომლებიც ერთად იდგნენ - მუჭიდან მუჭში აწოდებდნენ ერთმანეთს ტალახიან კენჭებს, რათა რამენაირად გაეწმინდათ იქაურობა. ყოველ წუთს მოდიოდნენ წყლით მომარაგებული ადამიანები, რომლებიც იქ მომუშავე მოხალისეებს ამარაგებდნენ. მოჰქონდათ მოპედებით პიცები. ბოლოს 500 კაცისთვის სახელმწიფო კვების კოალიციიდანაც მოიტანეს საკვები და სასმელი.

არასოდეს მინახავს ასეთი ერთად შეკრული ადამიანები. ასეთი გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც მართლა უნდოდათ დახმარება. კი , რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კამერების დასანახად აკეთებდნენ ამას, განსაკუთრებით საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მეორე და საერთოდ მეასეხარისხოვანი იყო. ისინიც ხომ აკეთებდნენ რაღაცას, ყოველ შემთხვევაში არავის უშლიდნენ ხელს, შეიძლება პირიქით, განწყობასაც კი უმაღლებდნენ იქ მყოფ მოხალისეებს.

ამიტომ არ მესიამოვნა, როცა ამ ერთსულოვნების ნახვის შემდეგ, უკვე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები ვნახე. პოსტები, რომლებშიც უმეტესად იმ ადამიანებს ადანაშაულებდნენ, რომლებიც „მხოლოდ დაღუპულ ცხოველებზე დარდობდნენ და არა ადამიანებზე“. არ ვიცი ასეთ დროს, როცა ყველა ერთი იდეის გარშემო არის გაერთიანებული - დავეხმაროთ ადამიანებს და ცხოველებს, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიის შედეგად და დავეხმაროთ ქალაქს, რომელიც თავის თავს აღარ ჰგავს - რატომ უნდა ითვალო, ვინ ადამიანების სიკვდილი უფრო განიცადა და ვინ ცხოველის.

ჩემმა მეგობარმა საკუთარი თვალით ნახა მზიურში ახალგაზრდა დაღუპული გოგოს გვამი, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ტრაგედია. ჯერ-ჯერობით, როგორც ცნობილია, დაღუპულია 12 ადამიანი და ეს რიცხვი შეიძლება ყოველ წამს გაიზარდოს, რადგან კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.

თუმცა ეს ყველაფერი ხომ არ გამორიცხავს იმას, რომ განვიცადოთ 300-მდე ცხოველის სიკვდილი. ეს ყველაფერი ხომ არ გამორიცხავს იმას, რომ განვიცადოთ თუნდაც ლომის ბოკვერი შუმბას ამბავი. ბოკვერის, რომელიც პუდელთან თანაცხოვრობდა და სრულიად არააგრესიული იყო. არც იმას გამორიცხავს, რომ განვიცადოთ ის ფაქტი, რომ ზოოპარკის 70% უკვე აღარ არსებობს.

არსებობს ვარაუდი, რომ რამდენიმე შემთხვევაში უმიზეზოდ მოხდა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ლიკვიდაცია და ეს ფაქტიც სამწუხაროა. სამწუხაროა ზოოპარკის დირექტორის ცრემლები და სამი დაღუპული თანამშრომელი, რომელთაგან ერთ-ერთი სულ რაღაც 2 დღის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან, სადაც ვეფხვის ნაკბენის გამო იწვა.

ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ბევრისთვის ცინიზმის საფუძველი გახდა. ბევრისთვის პოლიტიკური კარიერის კეთების საფუძველი გახდა, ბევრისთვის გართობის, თავის თავის ქების, პროპაგანდის, მლიქვნელობის, მკვლელობის... მაგრამ კიდევ ეს არის ასევე ტრაგედია, რომელიც უფრო მეტისთვის გმირობის საფუძველი გახდა, კიდევ უფრო ბევრისთვის სიკეთის კეთების, თავდადების, გვერდში დგომის, პროფესიონალურად მუშაობის, დაფიქრების, გააზრების, თანაგრძნობის, შეცდომებზე სწავლის საფუძველი გახდა.

მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი გავიზიარებთ დაღუპული ოჯახების ტკივილს, მჯერა, რომ ასეთი გვერდში დგომით დავეხმარებით უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, დავეხმარებით გადარჩენილ ცხოველებს იყვნენ უსაფრთხო გარემოში, დავეხმარებით ელიზბარაშვილს იშოვოს ახალი თავშესაფარი ძაღლებისთვის, დავეხმარებით მთავრობას იმის გააზრებაში, რომ არ შეიძლება ბუნების წინააღმდეგ ბრძოლადა პროექტების წინასწარი კვლევის გარეშე განხორციელება და საბოლოოდ დავეხმარებით ერთმანეთს ამ ყველაფრის ერთად გადატანაში და მდინარე ვერეს მსგავსად ძველ კალაპოტში ჩაჯდომაში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG