Accessibility links

logo-print

გომელაური: აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების აღკვეთა


რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოსთვისაც ისეთივე საფრთხეა, როგორიც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებისთვის - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის და თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, ახლად შექმნილი სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია ტერორისტიული საქმიანობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება, ადრეულ ეტაპზე გამოვლენა-აღკვეთა და ტერორისტების ფინანსური და მატერიალური რესურსების შეზღუდვა. გომელაურმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით გაგრძელდება კონტრტერორისტული დანაყოფების სათანადოდ აღჭურვა და თანამშრომლების გადამზადება. „ტერორიზმის ხელშემწყობი ფაქტორების აღმოსაფხვრელად ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი თანამოქალქეების შესაძლო რადიკალიზაციის და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას, რისთვისაც აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების აღკვეთა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, საფრთხის შემცველია საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისთვის, განსაკუთრებით მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად აუცილებელი კომპონენტების უკანონო ბრუნვისთვის.

XS
SM
MD
LG