Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეფორმების მეორე პაკეტს


საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეფორმების მეორე პაკეტს, რომელსაც ევროპის ლიდერები ითხოვენ საბერძნეთისგან მესამე, მრავალმილიარდევროიანი დახმარების გაწევის სანაცვლოდ. 300-დან 200-ზე მეტმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი რეფორმების პაკეტს 23 ივლისის პირველ საათებში. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოიცავს სამოქალაქო სამართლის რეფორმას, საბანკო დეპოზიტის დაცვის სქემას, ბანკების ლიკვიდურობის მხარდამჭერ ზომებს. საბერძნეთის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროკავშირისგან 86 მილიარდი ევროს დახმარების მიღებაზე მოლაპარაკებების დაწყება უკვე შესაძლებელია. პარლამენტში რეფორმების პაკეტზე მსჯელობის პარალელურად, ათასობით ადამიანი პარლამენტის შენობასთან აპროტესტებდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს. მცირე ხნით საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათიც მიიღო, როცა პოლიციას ბენზინიანი კუსტარული ბომბები დაუშინეს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მოახერხა რეფორმების პაკეტისთვის მხარდაჭერის მოპოვება. მეორე პაკეტს 230-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 63 იყო წინააღმდეგი, 5-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეთა შორის 31 პარტია „სირიზას“ წევრი იყო. დებატები ადგილობრივი დროით, 23 ივლისს დილის 4 საათზე დასრულდა.

XS
SM
MD
LG