Accessibility links

გაიმართა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო პროცესის პირველი სხდომა


ბაქოში დაიწყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო პროცესი. პირველ სხდომაზე, რომელზეც პოლიციამ არ შეუშვა აქტივისტები, ჟურნალისტები და დიპლომატები, ისმაილოვამ განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, რომ პრეზიდენტმა ალიევმა დაიჭირა ის პირადი მტრობის გამო, და იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალოს მის ჟურნალისტურ საქმიანობას. ადვოკატის არც ერთი შუამავლობა, მათ შორის, საპატიმროში ყოფნის შინა პატიმრობით შეცვლის თაობაზე, მიღებული არ იქნა. უკვე შვიდი თვეა, რაც ისმაილოვა საპატიმროშია. ჟურნალისტს ბრალად ედება ცილისწამება, გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, თვითონ ისმაილოვა და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული. ისმაილოვა იძიებდა, როგორც ჟურნალისტი, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და მისი ოჯახის საფინანსო საქმიანობას. ისმაილოვას, რომელიც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის თანამშრომელი იყო, ფართო მხარდაჭერას უცხადებენ მსოფლიოში და მის განთავისუფლებას მოითხოვენ, სხვათა შორის, "ნიუ-იორკ ტაიმსისა" და "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო წერილებში. აშშ-ის პენ-ცენტრმა ისმაილოვას წელს ბარბრა გოლდსმითის პრემია მიანიჭა.

XS
SM
MD
LG