Accessibility links

logo-print

საკრებულოში წარადგინეს დასკვნა 13 ივნისის სტიქიის შესახებ


27 ივლისს თბილისის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ წარადგინა ანგარიში 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, ტრაგიკული მოვლენების უმთავრეს მიზეზს მდინარე ვერეს აუზში ჭარბი ნალექის მოსვლა წარმოადგენდა. თამარ ბაგრატიას თქმით, 38 კმ-იანი მდინარე ვერე საკმაოდ რთულ მდინარედ მიიჩნევა და ის სხვა დროსაც არაერთხელ ადიდებულა.13 ივნისს კი, ჭარბი ნალექის შედეგად მდინარე ვერეს ორმოცივე შენაკადი ადიდდა, ხოლო ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად წარმოიქმნა ღვარცოფული მასა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ვერეს ხეობაში 75 მეწყრული უბანი ფიქსირდება. თამარ ბაგრატიამ პრევენციულ ღონისძიებებზე და ადრეული შეტყობინების სისტემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მდინარე ვერეს აუზში განთავსებულია ნალექმზომები და წლის დონის მზომები და თუკი მდინარე ვერეს აუზში და მის შენაკადებში წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს, შეტყობინება ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ამის შემდეგ, ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის ინსტიტუციებს. პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ საკრებულოს ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები. მათი თქმით, არაფერი კეთდება იმისათვის, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული მოვლენები ავირიდოთ თავიდან. საკრებულოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ამ პრობლემებზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG