Accessibility links

რუსეთი ხმას არ მისცემს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ რეზოლუციას


რუსეთი ხმას მისცემს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური სამგზავრო ბოინგის ჩამოვარდნის შესახებ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას გულისხმობს. ამის თაობაზე ორშაბათს განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა. მისი სიტყვებით, იმ შემთხვევაში თუკი დოკუმენტი მიიღებს უსაფრთხოების საბჭოს წევრი ქვეყნების 15-დან ცხრა აუცილებელ ხმას, მაშინ რუსეთის დელეგაცია ვეტოს უფლებით ისარგებლებს. ამასთანავე, ის იმედოვნებს, რომ მალაიზიური პროექტი, რომელიც ტრიბუნალის შექმნას ითვალისწინებს, კენჭისყრაზე არ გავა. პროექტის კენჭისყრა ოთხშაბათსაა დაგეგმილი. მალაიზიის ხელისუფლების გარდა ამ იდეას მხარს უჭერს ნიდერლანდები, ავსტრალია, ბელგია და უკრაინა. 20 ივლისს რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საკუთარი რეზოლუცია წარუდგინა. მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, ის აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის თავზე, სავარაუდოდ, პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. რუსეთი ბოინგის ჩამოგდებასთან კავშირს უარყოფს და მომხდარში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს. ბოინგზე მყოფი ყველა, 298 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG