Accessibility links

logo-print

უშიშროების საბჭო დონეცკთან ბოინგის ჩამოგდების ტრიბუნალის შექმნის საკითხს განიხილავს


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს რეზოლუციის პროექტს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ტრიბუნალის თემა იქნება შარშან, უკრაინაში, დონეცკთან მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება. დოკუმენტი წარადგინეს მალაიზიამ, ნიდერლანდმა, ავსტრალიამ, ბელგიამ და უკრაინამ, რომლებიც თვლიან, რომ კატასტროფის ვითარება გულმოდგინედ უნდა იქნეს გამოკვლეული. ადრე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდა. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა მოწოდებით, ნუ დაადებს ვეტოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, შეიქმნას ტრიბუნალი, რომელიც გაასამართლებს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულ პირებს. მაგრამ კრემლის განცხადებით, პუტინმა რუტეს უთხრა, რომ კვლავაც გადაჭრით ეწინააღმდეგება ტრიბუნალის შექმნას. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 298 ადამიანიდან უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ. რუტეს ადმინისტრაციის ცნობით, ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაეროს უშიშროების საბჭოში 29 ივლისისთვის დანიშნული კენჭისყრის დაწყებამდე და სთხოვა ტრიბუნალის შექმნის მხარდაჭერა. მალაიზიის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტით, ყველა ქვეყანას ევალება საგანგებო ტრიბუნალთან თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაემუქრებოდა.

XS
SM
MD
LG