Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკა მოჰყვა რუსეთის მხრიდან ვეტოს დადებას თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიებაზე


ფართო კრიტიკა მოჰყვა რუსეთის გადაწყვეტილებას ვეტო დაედო გაეროს რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც ითვალისწინებდა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას შარშან უკრაინის აღმოსავლეთში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამოსაძიებლად. კატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი, 298 ადამიანი ემსხვერპლა. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა „რუსეთი ვეღარ ჩაითვლება საერთაშორისო სამართლის ძიების პროცესშიო“. მისი თქმით, რუსეთის ვეტო „განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია“, თუმცა „გასაკვირი არ არის“. რუტემ დასძინა, რომ ქვეყნები, რომლებიც ჰოლანდიის ხელმძღვანელობით მოქმედ გამოძიებაში არიან ჩართული, ახლა სხვა შესაძლებლობებს განიხილავენ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეებზე. დამნაშავეებმა სასჯელისგან თავის დაღწევა ვერ უნდა შეძლონო, აცხადებს ჰოლანდიის პრემიერი. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ებოტმა 30 ივლისს „აღმაშფოთებელი“ უწოდა რუსეთის ვეტოს. მისი თქმით, რუსეთმა ამ ნაბიჯით სრულიად უგულებელყო ოჯახების უფლება იცოდნენ ვინ ჩაიდინა დანაშაული და იხილონ როგორ წარდგებიან დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე. რუსეთი კიევს სდებს ბრალს თვითმფრინავის ჩამოგდებაში 2014 წლის ივლისში. თავისი ვეტოს გამამართლებელ არგუმენტად რუსეთმა ის გარემოება მოიტანა, რომ კატასტროფის ადგილი, რომელსაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ, მისთვის ხელმიუწვდომელი იყო. პარალელურად, გამოჟონა ჰოლანდიის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიების დეტალებმა, რომელთა თანახმად თვითმფრინავი ჩამოაგდო სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ნასროლმა, ხმელეთი-ჰაერის რაკეტამ. გამოძიების დასკვნა ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს.

XS
SM
MD
LG