Accessibility links

logo-print

პესკოვი: რუსეთმა შესაძლოა უპასუხოს საქართველოს სანქციებს


რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინის მისამართით საპასუხო ნაბიჯები გადადგას. რუსულენოვანი მედიის ცნობით, პესკოვის ამ შინაარსის კომენტარი მოჰყვა 30 ივლისს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველო და უკრაინა, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო დაწესებულ შემზღუდველ ზომებს, კერძოდ იქ ნაწარმოები პროდუქციის შეზღუდვას. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 19 ივნისს, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემზღუდველი ზომების ერთი წლით – 2016 წლის 23 ივნისამდე – გახანგრძლივების თაობაზე. ამავე წყაროს ცნობით, 19 ივნისის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ: ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, უკრაინა და საქართველო. დეკლარაციის თანახმად, ეს ქვეყნები თავიანთ სახელმწიფო პოლიტიკას საბჭოს ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანენ. დეკლარაციის თანახმად, ევროკავშირი მიესალმება ამ ნაბიჯს. ამავე დროს, საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც, საბჭოს კიდევ ერთი დეკლარაციის თანახმად, შეუერთდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო დაწესებულ შემზღუდავ ზომებს.

XS
SM
MD
LG