Accessibility links

სომხეთი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ქვეყნიდან საერთაშორისო ბიზნესების გასვლას


სომხეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო კომპანიის მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში მუშაობის შეწყვეტის თაობაზე. კომპანიები ყოველდღე მიდიან და მოდიან და ამას როგორც ნორმალურ მოვლენას, ასე უნდა მოვეკიდოთო, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, კარენ ჩშმარიტიანმა. იმ კომპანიებს შორის, რომლებიც სომხეთიდან უკვე გავიდნენ ან გავლის პროცესში არიან, ვხვდებით არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways-ს, სამხრეთ კორეის ელექტროგიგანტ Samsung-ს და საფრანგეთის ტელეკომ-კომპანია Orange-ს. Etihad Airways-სი სომხეთის ბაზარზე მხოლოდ ერთი წლის წინ შევიდა, აპრილში კი გამოაცხადა, რომ წყვეტს ფრენებს ერევანში „ფრენების განრიგის მიმდინარე ცვლილებების გამო“. კომპანიას დეტალები არ გაუმხელია. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სამსუნგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, კარენ ასოიანმა რადიო თავისუფლებას 29 ივლისს უთხრა, რომ კომპანია სომხეთს რეგიონში აქტივობის „ოპტიმიზაციის“ ფარგლებში ტოვებს. მისი თქმით, კომპანია გააგრძელებს პროდუქციის გაყიდვას სომხეთში და სომხეთის ბაზარს საქართველოში მდებარე კომპანიის რეგიონული ოფისი გაუწევს ზედამხედველობას.

XS
SM
MD
LG