Accessibility links

logo-print

"თალიბანის" ახალ ლიდერს ორგანიზაციაში სერიოზული ოპოზიცია ჰყავს


"თალიბანის" ყოფილი ლიდერის მოლა მოჰამად ომარის ახლო თანაშემწემ განაცხადა, რომ "თალიბანის" ახლადარჩეულ ლიდერს ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ოპოზიცია ჰყავს. 30 ივლისს მოლა ახტარ მოჰამად მანსური, "თალიბანის" მმართველობის დროს - 1996-2001 წლებში ავიაციის მინისტრი, გამოაცხადეს "თალიბანის" ახალ ლიდერად. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მოლა მოჰამად ომარის სიკვდილი დადასტურდა. თუმცა, მოლა მოჰამად ჰასან რაჰმანიმ, რომელიც "თალიბანის" მმართველობის დროს ყანდაარის პროვინციას მართავდა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ მანსური "თალიბანის" ლიდერად მხოლოდ მცირე ჯგუფის მიერ აირჩა, რაჰმანისა და სხვა ლიდერების, მათ შორის - მოლა აბდურაზიყისა და მულა აბდულ ქაიუმ ზაქერის, წინააღმდეგობის მიუხედავად. რაჰმანიმ განაცხადა, რომ მის ჯგუფს სურდა „თალიბანის“ ლიდერი ყოფილიყო მოლა ომარის 23 წლის ვაჟის მავლავი იაქუბი. ის ზედმეტად ახალგაზრდად ჩათვალეს მათ, ვინც მანსური აირჩია ლიდერად. რაჰმანიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ „თალიბანში“ არ არის დაპირისპირება ავღანეთის მთავრობასთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებიც შეფერხდა მოლა ომარის სიკვდილის შემდეგ. სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია სავარაუდო დაპირისპირებაზე „თალიბანის“ ზომიერ, სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდამჭერ და ხისტი პოზიციის მქონე, დაუმორჩილებლობის გაგრძელების მომხრე ჯგუფებს შორის.

XS
SM
MD
LG