Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა


საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტსა და თანმდევ კანონპროექტებს – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. საერთაშორისო ინსტიტუტებთან კონსულტაციის გზით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოტივირებული შენიშვნები და ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა – რაც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვებას გულისხმობს. გიორგი მარგველაშვილის თქმით – ვეტო არ არის პოლიტიკური დაპირისპირების, ანდა კონფრონტაციის ინსტრუმენტი. "ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი იმისთვის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას – ამ კონტექსტში ითანამშრომლოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა, მთავრობამ და ერთად ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტები მისცეს.“ პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან საკითხს, და ვეტოს კვალდაკვალ, უკეთეს, უფრო სწორ და გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ ჩვენს ქვეყანას". მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ვეტოს დადებას "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე.

XS
SM
MD
LG