Accessibility links

logo-print

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართული ქართველი სამხედროები დააჯილდოვეს


ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ გამორჩეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და აშშ-ის საზღვაო ქვეითები დააჯილდოვა.მასტერ-სერჟანტ დავით რატიანს, კაპრალებს - ზურაბ კიკაძეს, თემურ ქირიასა და კახა ჩხოლარიას უწყებრივი მედლები - "სიცოცხლის გადარჩენისთვის" თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადაეცათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა ჯილდოები ივნისში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული არაპირდაპირი ცეცხლის დროს გამოჩენილი მამაცობისა და კოალიციური ძალების ორი სამოქალაქო პირისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის დაიმსახურეს. 43-ე ბატალიონის სხვა სამხედროებმა კი მედლები - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „საბრძოლო იარისთვის" მიიღეს. "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების პირნათლად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის 130 ქართველ სამხედრო მოსამსახურესა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის შვიდ საზღვაო ქვეითს მადლობის სიგელები გადაეცათ. ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 43-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად მარტიდან მსახურობს. 43-ე ბატალიონთან ერთად სამშვიდობო მისიაში პირველად მონაწილეობს ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ქართველმა ჯარისკაცებმა მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს.

XS
SM
MD
LG