Accessibility links

logo-print

ისრაელში გააპროტესტეს სიძულვილით მოტივირებული ძალადობა


ისრაელში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა სიძულვილით მოტივირებული ძალადობა პალესტინელებზე და ჰომოსექსუალებზე ებრაელი ექსტრემისტების ბოლოდროინდელი თავდასხმების შემდეგ. 30 ივლისს ულტრაორთოდოქსმა ებრაელმა იერუსალიმში დანით დაჭრა გეი აღლუმის ექვსი მონაწილე. ამის შემდეგ სულ რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, ებრაელმა თავდამსხმელებმა ცეცხლი წაუკიდეს პალესტინელების სახლს მდინაარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. შედეგად დაიღუპა წლინახევრის ბიჭი და მძიმედ დაშავდნენ მისი ძმა და მშობლები. 1 აგვისტოს საღამოს 2000-მდე ადამიანმა, მათ შორის დაღუპული ბიჭის ბიძამ, მიიღო მონაწილეობა თელ-ავივში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც მოაწყო ორგანიზაციამ „მშვიდობა ახლა“. იერუსალიმში პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მიმართა ასობით დემონსტრანტს იმ ადგილის მახლობლად, სადაც გეი აღლუმის მონაწილეები დაჭრეს. პრეზიდენტმა დაგმო ძალადობა, სიძულვილი და „დამახინჯებული რწმენა“. საპროტესტო აქციები გაიმართა ისრაელის კიდევ რამდენიმე ქალაქში.

XS
SM
MD
LG