Accessibility links

სომხეთის პრემიერი: ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს დავფარავთ გაყიდული ელექტროსადგურით


სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადის სუბსიდირებას მოახდენს ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ელექტროსადგურის გაყიდვიდან მიღებული თანხით. პრემიერ-მინისტრის, ჰოვიკ აბრაჰამიანის განცხადებით, ელექტროენერგიის 16 პროცენტით გაზრდილი საფასური, რომელიც 1 აგვისტოს შევიდა ძალაში, დაიფარება ვოროტანის ჰიდროსადგურის გაყიდვიდან მიღებული თანხით. ჰიდროსადგური მაისში შეისყიდა აშშ-ის კერძო ენერგეტიკულმა კომპანიამ, ContourGlobal-მა, 180 მილიონ დოლარად. განცხადებას, რომ ელექტროენერგიის ფასი მოიმატებდა, ერევანში და სხვა ქალაქებში თითქმის ორი კვირის განმავლობაში მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები. შემდეგ, ივნისის ბოლოს, პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა თქვა, რომ ფასში განსხვავებას მთავრობა დაფარავდა მანამ, სანამ დასრულდებოდა რუსეთის მფლობელობაში მყოფი სომხეთის ელექტროქსელების საერთაშორისო აუდიტი. სარქისიანის თქმით, მოსახლეობა 16 პროცენტით გაზრდილ ფასს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ აუდიტი დაადასტურებდა, რომ ფასის მომატება ლეგიტიმური იყო.

XS
SM
MD
LG