Accessibility links

logo-print

ერაყელი ქურთების ლიდერს სურს გაკონტროლებული ტერიტორიის გაზრდა


ერაყში ქურთების ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი აცხადებს, რომ ქურთებმა უნდა შეინარჩუნონ კონტროლი ქალაქ სინჯარზე და სხვა ადგილებზე ჩრდილო-დასავლეთ ერაყში, სადაც იბრძვიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ბარზანიმ ეს განცხადება გააკეთა ექსტრემისტების ხელში ქალაქ სინჯარის გადასვლის წლისთავთან დაკავშირებით. ერთი წლის წინ, როცა სინჯარში ექსტრემისტები შეიჭრნენ, ერაყელი იეზიდების რელიგიური უმცირესობის ათიათასობით წარმომადგენელს მოუწია მთებში გაქცევა. ბარზანის თქმით, მან ქურთების რეგიონულ მთავრობას დაავალა სინჯარის გარშემო საგანგებო ადმინისტრაციის შექმნა და ერაყის მთავრობისაგან მოითხოვს, პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრად სინჯარის აღიარებას. სინჯარი მდებარეობს სირიის საზღვრის მახლობლად და არ არის მოქცეული ერაყელი ქურთების მიერ გაკონტროლებულ სამ პროვინციაში. მაგრამ 2014 წელს, როცა „ისლამურმა სახელმწიფომ“ პირველი დიდი ოპერაცია განახორციელდა, ერაყის ფედერალურმა არმიამ მას ვერ გაუწია წინააღმდეგობა და რეგიონში თავისი პოზიციები მიატოვა. ვაკუუმი შეავსეს ქურთმა მებრძოლებმა, რომლებსაც „ფეშმერგას“ უწოდებენ, და ამის შემდეგ ერაყში ქურთების ავტონომიურმა რეგიონმა, ფაქტიურად, 40%-ით გაზარდა გაკონტროლებული ტერიტორია. ბარზანის თქმით, ჯერ არ არის გათავისუფლებული ნახევარი სინჯარი და მისი გარეუბნები.

XS
SM
MD
LG