Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო წინააღმდეგია მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა და დასძინა, რომ ხელისუფლება ამ პოზიციის შეცვლას არ აპირებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო გასულ წელს ევროკავშირისა და მსოფლიოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული 15 სანქციიდან მხოლოდ ერთს მიუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვას შეეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ძალიან უფრთხილდება იმ მონაპოვარს, მიღწეულ შედეგს, რომელიც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კუთხით არსებობს. „ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რადგან არავითარი სიახლე სანქციებზე მიერთებაში არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად აგორებულს ჰგავს და ეჭვი არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენი ინტერესი არის რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა, ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა პრემიერმა. 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო წინადადების მომზადება სასურსათო ემბარგოს დასაწესებლად იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონტრზომების საკითხი შეეხება საქართველოსაც.

XS
SM
MD
LG