Accessibility links

logo-print

პაკისტანში ბავშვებზე მოძალადე 7 პირი დააკავეს


პაკისტანის პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში დააკავა შვიდი პირი, რომელსაც ბრალად ედება ბავშვებზე სექსუალური ძალადობა და ამ ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება. რეგიონული პოლიციის უფროსის 9 აგვისტოს განცხადებით, ამოღებულია 18-19 ვიდეოჩანაწერი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული რამდენი ბავშვი გახდა ამ ძალადობის მსხვერპლი და კიდევ რამდენი ჩანაწერია. პოლიციის განცხადებით, მალე კიდევ 10 პირს დააკავებენ. ბრალდებები გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც 4 აგვისტოს მსხვერპლის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ პოლიციას და ბრალი დასდეს ხელისუფლებას მათი ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულის იგნორირებაში. 4 აგვისტოს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა პოლიციასა და საპროტესტო აქციის 400-ზე მეტ მონაწილეს შორის დაპირისპირებისას, როცა პოლიციამ ძალა გამოიყენა მათ დასაშლელად. ბავშვის დაცვის ბიუროს ხელმძღვანელმა საბა სადიყმა მოითხოვა მაღალი დონის სასამართლო გამოძიების ჩატარება, პროვინციის ხელმძღვანელმა შაჰაბას შარიფმა კი გამომძიებლებს უბრძანა ყველა ფაქტი გაასაჯაროონ. ანალიტიკოსების თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევები პაკისტანში იშვიათობა არ არის, თუმცა, ახლანდელი შემთხვევა შეიძლება იყოს პირველი, როცა ორგანიზებულ ძალადობას ეხება საქმე. პოლიცია იძიებს მსხვერპლის ოჯახების დაშანტაჟების ფაქტებსაც, როცა დამნაშავეები მათ თანხას სძალავდნენ და ამის სანაცვლოდ პირდებოდნენ, რომ არ გაასაჯაროებდნენ ვიდეოჩანაწერებს. ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, სავარაუდოდ, ადგილობრივ ბაზრებში იყიდებოდა. პაკისტანის მედიის თანახმად, მსხვერპლის უმრავლესობა 14 წელზე უმცროსია და ერთი სოფლის მცხოვრებნი არიან. ადგილობრივი ბანდა ძალადობის გადაღებას 2006 წელს შეუდგა, რაც გასულ წლამდე გრძელდებოდა.

XS
SM
MD
LG