Accessibility links

logo-print

ფინანსთა მინისტრმა წარადგინა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში


2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაკუთრებით თანაბარი ხარჯვის ტენდენციით გამოირჩევა - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მან წლის პირველი შვიდი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. ნოდარ ხადურის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ ერთმანეთს შეადარა 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით არსებული შემოსულობები, გადასახადები და დეფიციტი. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 2009 წელს საბიუჯეტო დეფიციტი იყო 9%-ზე მაღალი, შემდეგ დაიწყო მისი შემცირების ტენდენცია, წელს კი, რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში შექმნილი პრობლემების გამო,საბიუჯეტო დეფიციტმა 3% შეადგინა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ცნობითვე, 2015 წლის მთლიანი საბიუჯეტო შემოსულობები იქნება 10 მილიარდ 665 მილიონი ლარი, ხოლო გადასახდელი 10 მილიარდ 160 მილიონი ლარი. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, წლის პირველ შვიდ თვეში საბიუჯეტო შემოსულობებმა შეადგინა 6 მილიარდ 167 მილიონი ლარი, რაც შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ერთი მილიარდით მეტია, ხოლო გადასახდელი შარშანდელს 600 მილიონით აღემატება. „წლის პირველ და მეორე კვარტლებში გვაქვს ყველაზე მაღალი ხარჯვა, ხოლო მეოთხე კვარტალში ხარჯი იქნება ყველაზე დაბალი, რაც ოდესმე ჰქონია საქართველოს ბიუჯეტს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე არ იქნება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

XS
SM
MD
LG