Accessibility links

logo-print

ირანმა გაეროს ინფორმაცია მიაწოდა ბირთვული წარსულის შესახებ


ირანმა გაეროს ბირთვულ უწყებას მიაწოდა ინფორმაცია წარსულში მოქმედი ბირთვული პროგრამების შესახებ - რაც წარმოადგენს ერთ-ერთ ნაბიჯს საიმისოდ, რომ დაკმაყოფილდეს სანქციების მოხსნის ერთ-ერთი პირობა. სანქციების მოხსნას ითვალისწინებს საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ირანთან გასულ თვეში მიაღწიეს.გარდა 14 ივლისს გაფორმებული ამ შეთანხმებისა, რომელიც ირანს სანქციების მოხსნას სთავაზობს თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, ირანმა შეთანხმება გააფორმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთანაც. ამ შეთანხმებით პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს ირანის მიერ წარსულში გატარებულ ბირთვულ პროგრამებში სამხედრო განზომილების არსებობის შესაძლებლობის შესახებ. გაეროს ატომურმა უწყებამ 15 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ ირანმა თავისი ვალდებულება დათქმულ ვადაში შეასრულა, უწყებისთვის ახსნა-განმარტების და საჭირო დოკუმენტაციის მიწოდებით. გაეროს ატომურ უწყებას 15 ოქტომბრამდე შეუძლია ირანისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა - სანამ 2015 წლის ბოლომდე საბოლოო ანგარიშს შეადგენს. ირანს დაწესებული სანქციები სრულად მხოლოდ მაშინ მოეხსნება, როცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განაცხადებს, რომ თეირანმა პასუხი გასცა კითხვებს მისი ბირთვული წარსულის შესახებ და შეასრულა ამჟამინდელი პროგრამის შეზღუდვაზე მიმართული ზომები.

XS
SM
MD
LG