Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცარნაევის ადვოკატებმა მოითხოვეს ახალი სასამართლო პროცესის დანიშვნა


ჯოხარ ცარნაევის ადვოკატებმა ორშაბათს მიმართეს სასამართლოს, ბოსტონს მიღმა ახალი სასამართლო პროცესის დანიშვნის თხოვნით. ჯოხარ ცარნაევი სიკვდილმისჯილია 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებების ორგანიზების გამო. ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა ვერ ისარგებლა მიუკერძოებელი სასამართლოს უფლებით. მათ არგუმენტად მოჰყავთ სია საზოგადოებრივი ღონისძიებებისა, რომლებიც აფეთქებების მსხვერპლთა პატივსაცემად იმართებოდა სასამართლო პროცესის პარალელურად. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ორი წლის წინანდელი ფაქტის მიმართ საზოგადოების მუდმივი ყურადღების პირობებში შეუძლებელი იყო ბოსტონში ისეთი ნაფიცი მსაჯულების პოვნა, რომლებიც შეძლებდნენ ობიექტურად განეხილათ ჯოხარ ცარნაევის საქმე. ადვოკატების პეტიცია შეიცავს მოწოდებას სიკვდილის განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლოს დანიშვნისკენ. 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებების შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 260-ზე მეტი. მიმდინარე წლის ივნისში ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო ბრალდების 30 პუნქტში. ადვოკატები არ უარყოფენ ჯოხარ ცარნაევის მონაწილეობას აფეთქებების ორგანიზებაში, თუმცა, ირწმუნებიან, რომ პასუხისმგებლობის ძირითადი ნაწილი ეკისრება ტამერლან ცარნაევს, ჯოხარ ცარნაევის უფროს ძმას, რომელიც პოლიციასთან ურთიერთსროლის შედეგად დაიღუპა. ეს არ არის ადვოკატების პირველი მცდელობა - ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვა ბოსტონიდან სხვა ქალაქში გადაიტანონ. წინა მცდელობებზე მოსამართლემ ადვოკატებს უარით უპასუხა.

XS
SM
MD
LG