Accessibility links

ნატო რუსეთს აფრთხილებს უკრაინაში ტერიტორიების მიტაცების თაობაზე


ნატომ მოსკოვი გააფრთხილა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მეტი ტერიტორიის მიტაცების ნებისმიერი მცდელობა „მიუღებელი“ იქნება. 19 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ალიანსი ამბობს, რომ მისმა 28 წევრმა განიხილა უკრაინაში ბოლო პერიოდში ძალადობის ესკალაციის საკითხი. ალიანსი დასძენს, რომ „რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“ საიმისოდ, რომ კრიზისს პოლიტიკური გადაწყვეტილება უპოვოს. ნატო ყველა მხარეს მოუწოდებს თავშეკავებისკენ და დაძაბულობის დე-ესკალაციისკენ. ალიანსის განცხადებით, სეპარატისტების ნებისმიერი მცდელობა უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაეუფლონ, „მიუღებელი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“. სამხრეთის საპორტო ქალაქ მარიუპოლის გარშემო მთავრობის ძალებსა და სეპარატისტებს შორის ბრძოლას ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ნატო ყველა მხარეს მოუწოდებს უზრუნველყონ ეუთოს დამკვირვებლების „უსაფრთხო და შეუზღუდავი“ სამუშაო პირობები.2014 წლის მარტის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს ემსხვერპლა 6,400-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG