Accessibility links

logo-print

ხიდაშელი განაგრძობს შეხვედრებს ვაშინგტონში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს ევრილ ჰეინსს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა და ევრილ ჰეინსმა საქართველოსა და აშშ-ის უფრთიერთობის გაძლიერებაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდაზე, თავდაცვის სფეროში დაგეგმილ რეფორმებსა და საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ სხვადასხვა მიმართულებით აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერა მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაფართოვდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, თინა ხიდაშელი მოხსენებით გამოვიდა „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში.“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის კრიზისზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პერსპექტივებზე, აღმოსავლეთ ევროპის დაბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა. თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ნატოს მომავალ სამიტზე დასავლეთის ერთსულოვანი მხარდაჭერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეფასებით, დღეს არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და პოლიტიკური რეალობა ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოს და ნატოს ერთმანეთი სჭირდებათ.

XS
SM
MD
LG