Accessibility links

ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი გამოუცხადა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს


"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოში წელს ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს. დღეს თბილისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვა უწოდა. სერგო რატიანის შეფასებით, ორი ახალი დეპუტატის არჩევა ვითარებას არ შეცვლის და ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. „გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საკონსტიტუციო მექანიზმს, რათა უახლოეს მომავალში მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მმართველობა, რომლის ყოველი დღე ასე ძვირად უჯდება საქართველოს მოსახლეობას" - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა. შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს 19 აგვისტოს ბოიკოტი გამოუცხადა ათმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამაც, მათ შორის „ახალმა მემარჯვენეებმა,“ „დემოკრატიულმა მოძრაობამ,“ ლეიბორისტულმა პარტიამ, „თავისუფალმა საქართველომ“ და ტრადიციონალისტთა კავშირმა. მათ ბოიკოტის მიზეზად ანტიდემოკრატიული საარჩევნო გარემო დაასახელეს.

XS
SM
MD
LG