Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა


საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. მისი ცნობით, ნატოს გენერალური მდივნის რანგში იენს სტოლტენბერგის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 26-27 აგვისტოს შედგება. იენს სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრებისას განიხილება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხების სრული სპექტრი, უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ შესრულების მიმდინარეობა და ვარშავის, 2016 წლის სამიტისთვის მზადების პროცესი. ვიზიტისას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. ალიანსის გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის მომზადდა.

XS
SM
MD
LG