Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა


ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. წუხანდელმა სტიქიამ მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად თბილისიდან გაიგზავნა დამატებითი ჯგუფები. სტიქიამ დააზიანა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთიც, სადაც მიმოსვლა დროებით შეჩერებულია და გზის გაწმენდა მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის გამო შეფერხებული იყო მოძრაობა ლაგოდეხი-ყვარლის მთავარ ავტომაგისტრალზეც, რომელიც უკვე გაწმენდილია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის სამსახურებს კახეთში სტიქიის შედეგების უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა და ზარალის დათვლა დაავალა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებულნი არიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG