Accessibility links

logo-print

მაკედონიის პოლიცია მიგრანტების ნაწილს აძლევს მატარებლით გამგზავრების უფლებას


მაკედონიის პოლიცია აცხადებს, რომ აკონტროლებს ვითარებას საბერძნეთის საზღვარზე და მიგრანტების მომცრო ჯგუფებს აძლევს მაკედონიის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას. მატარებელი, რომელშიც 300 მიგრანტი იმყოფება, 22 აგვისტოს დილას გაემგზავრა ქალაქ გევგელიადან სერბიის საზღვართან მდებარე ტაბანოვცესაკენ. რკინიგზის წარმომადგენლების ცნობით, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე რეისი განხორციელდება მიგრანტების გადასაყვანად. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ძლიერი წვიმების გამო, მაკედონიის პოლიციამ წუხელ მიგრანტების დიდ ჯგუფს მისცა მაკედონიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ათასობით მიგრანტმა კი ღამე გაატარა საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვრებს შორის მას შემდეგ, რაც პოლიციამ საზღვარი ჩაკეტა მრავალრიცხოვანი მიგრანტების მაკედონიაში შესვლის მცდელობის გამო. ამასთან, გაერომ შეშფოთება გამოთქვა მას შემდეგ, რაც მაკედონიის პოლიციამ ძალა გამოიყენა 21 აგვისტოს, საბერძნეთის საზღვრიდან მაკედონიაში გადასვლის მსურველი ლტოლვილების და სხვა მიგრანტების შესაჩერებლად. მანამდე ერთი დღით ადრე, 20 აგვისტოს, მაკედონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მიგრანტების ნაკადის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. მაკედონია არის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანა სირიიდან, ავღანეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან ევროკავშირში, უმეტესწილად ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნებში, ჩასვლის მსურველი მიგრანტებისათვის.

XS
SM
MD
LG