Accessibility links

საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვდება სამ ამერიკელს, რომელმაც გაანეიტრალა მატარებელში მყოფი თავდამსხმელი


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში, ელისეს სასახლეში მიიწვია ამერიკელი ახალგაზრდები, რომლებმაც გაანეიტრალეს შეიარაღებული პირი ამსტერდამიდან პარიზში მიმავალ მატარებელში თავდასხმისას. შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების წევრ სპენსერ სტოუნს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარეზერვო ძალების წევრს ალეკ სკარლატოსსა და ამერიკელ სტუდენტ ენტონი სადლერსს გმირებად მოიხსენიებენ მას შემდეგ, რაც მათ მატარებელში შეიარაღებული პირი შეაჩერეს და განაიარაღეს. როგორც იუწყებიან, მგზავრებიდან სპენსერ სტოუნი პირველი მივარდა თავდამსხმელს, რომელმაც ის კისერში და ხელი დაჭრა. პენტაგონი აცხადებს, რომ სტოუნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამ ამერიკელს ამ დღეებში მიიღებენ ელისეს სასახლეში. სამივეს და ბრიტანეთის მოქალაქე კრის ნორმანს, რომელიც ამერიკელ ახალგაზრდებს დაეხმარა შეიარაღებული პირის ნეიტრალიზებაში, საფრანგეთის ქალაქ არაში უკვე მიენიჭა მედალი სიმამაცისათვის. თავდასხმაში ეჭვმიტანილად ასახელებენ 26 წლის მაროკოელ მამაკაცს, რომელიც ესპანეთში ცხოვრობდა და 2015 წელს ბელგიაში გადასახლდა. ის პოლიციამ დააკავა. ინციდენტის დროს ორი მგზავრი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG