Accessibility links

logo-print

საბერძნეთიდან მაკედონიაში შეიჭრა 2000-მდე მიგრანტი


სულ ცოტა, 2000-მა მიგრანტმა შეძლო საბერძნეთიდან მაკედონიის ტერიტორიაზე შეჭრა მას შემდეგ, რაც მაკედონიელმა პოლიციელებმა ამაოდ სცადეს მათი შეჩერება. საზღვარზე ქაოსის შედეგად დაშავდა რამდენიმე კაცი. მაკედონია-საბერძნეთის სასაზღვრო რეგიონში ათასობით მიგრანტი იმყოფება, უმეტესწილად, სირიიდან ლტოლვილები, რომლებსაც ევროკავშირის წევრ, ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნებში მოხვედრის იმედი აქვთ. 22 აგვისტოს უფრო ადრე მაკედონიის პოლიციამ გამოაცხადა, რომ აკონტროლებს ვითარებას საბერძნეთის საზღვარზე და მიგრანტების მომცრო ჯგუფებს აძლევს მაკედონიის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ძლიერი წვიმების გამო მაკედონიის პოლიციამ წუხელ მიგრანტების დიდ ჯგუფს მისცა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ათასობით მიგრანტმა კი ღამე გაატარა საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ საზღვარი ჩაკეტა მრავალრიცხოვანი მიგრანტების მაკედონიაში შესვლის მცდელობის გამო. ამასთან, გაერომ შეშფოთება გამოთქვა მას შემდეგ, რაც მაკედონიის პოლიციამ ძალა გამოიყენა 21 აგვისტოს ლტოლვილების და სხვა მიგრანტების შესაჩერებლად. მანამდე ერთი დღით ადრე, 20 აგვისტოს, მაკედონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მიგრანტების ნაკადის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. მაკედონია არის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანა სირიიდან, ავღანეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან ევროკავშირში, უმეტესწილად ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნებში, ჩასვლის მსურველი ლტოლვილებისა და სხვა მიგრანტებისათვის.

XS
SM
MD
LG