Accessibility links

logo-print

ხადური: ბაზარზე ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს


საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს გაცვლითი კურსის გაუარესებაზე რაიმე ზეგავლენა არც აქამდე ჰქონია, არც მომავალში ექნება და შემაკავებელი ფაქტორიცაა, რადგან ეროვნული ბანკის ანგარიშზე ხაზინაში დაგროვილია 700 მილიონ ლარზე მეტი დეპოზიტი. ნოდარ ხადურის თქმით, მთავრობა ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე შემოსავალი იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი, რომელსაც არ დახარჯავს და შესაბამისად, ეს თანხა საფინანსო ბაზარს ტვირთად არ დააწვება. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ გადახდილ კრედიტს 81 მილიონი დოლარით აღემატება საქართველოში იანვარ-ივლისში შემოსული საბიუჯეტო დახმარება, რომელიც არ მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიღებულ საინვესტიციო კრედიტს. "წლის ბოლომდე ველოდებით დამატებით 110 მილიონ დოლარს, ანუ წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით შემოვა გადასახდელზე დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამას თან ერთვის ისიც, რომ წლევანდელი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ თანაბრად იხარჯება. „ეს მონაცემები მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და ყოველთვიურად მივაწვდით განახლებულ ინფორმაციასაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბაზარზე ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს და ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

XS
SM
MD
LG