Accessibility links

logo-print

მთავრობის შეფასებით, ლარის კურსის ვარდნა "აჟიოტაჟური ქცევის" შედეგია


საქართველოს მთავრობამ ლარის კურსის ვარდნა აჟიოტაჟური ქცევის შედეგად და დროებით მოვლენად შეაფასა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური გარე შოკის შედეგები დაბალანსებულია და აგვისტოს შუა პერიოდის მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ მთლიანად დააბალანსა ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირება. მისი ინფორმაციით, იმპორტის შემცირების შედეგად ქვეყნიდან გავიდა 332 მილიონი დოლარით ნაკლები, პრივატიზაციით მიღებულია 110 მილიონ ლარზე მეტი, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა კი დაზუსტების პროცესშია. "გამომდინარე სხვადასხვა ფაქტორიდან, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არსებული დოლარის ნაშთიდან, რომელიც ბაზარზე თანდათან გამოვა და ეროვნულ ბანკთან ერთად დათვლილი, უახლოესი დღეების ფულის მიმოქცევიდან, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც გუშინ ხდებოდა სავალუტო ბაზარზე, მხოლოდ და მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგია“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე პროგნოზით, ბაზრის ის მოთამაშეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აჟიოტაჟურ და სპეკულაციურ ტრანზაქციებში, საბოლოო ჯამში წაგებულნი დარჩებიან. ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ, რადგან გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, გუშინ საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. „მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე ჯანსაღია და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG