Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სენაკში საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოითხოვა


სენაკი
სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთი კვირის ვადაში უნდა გაიმართოს საკრებულოს სხდომა, სადაც უმრავლესობა საკრებულოს თავმჯდომარის ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. საკრებულოს 30-დან 24-მა წევრმა უკვე მოაწერა ხელი განცხადებას, სადაც თავმჯდომარეს უნდობლობას უცხადებენ და იმპიჩმენტის საკითხის განსახილველად რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვენ. დოკუმენტზე ხელმომწერი არც ერთი დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბარში არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა ხვიჩა ჯიშკარიანისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი.

„ჩემი ხელმოწერა ნიშნავს იმას, რომ მე ვეთანხმები ჩატარდეს საკრებულოს სხდომა და გაირკვეს, რეალურად რა სურათია საკრებულოში და გაირკვეს, ვინ ვისი მომხრე იქნება“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილმა. მის მსგავსად, კონკრეტულ მიზეზს, თუ რამ გამოიწვია საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, არც განცხადების დანარჩენი ხელმომწერები აკონკრეტებენ. განცხადებაზე ხელმომწერებისგან გასხვავებით, ხუთი დეპუტატი, რომელმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, აცხადებს, რომ რეალურად სენაკში, „ქართულ ოცნებაში“, ადგილი აქვს შიდაპარტიულ დაპირისპირებას და განცხადება გარკვეული ზეწოლის ფონზეა შედგენილი, რაშიც მონაწილეობის მიღება მათ არ სურთ. ერთ-ერთი მათგანია ინგა ქარდავა. დეპუტატის თქმით, პარტიაში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ შიდადაპირისპირებაა და საპარლამენტო არჩევნებამდე ჯიშკარიანის ჩამოშორება სურთ პოლიტიკიდან, როგორც ძლიერი კონკურენტის. ინგა ქარდავას მტკიცებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომაში მიზანმიმართულად შეიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და საკრებულოს წევრმა ჯუმბერ ლაშქარავამ, რომელიც მოიაზრება ჯიშკარიანის შემცვლელად:

„ერთ კითხვას დავსვამ: პრემიერის კარზე ვინ არის პირველი პირი, ვინც რეგიონიდან ამბავს მიიტანს? - გუბერნატორი. როგორც ჩემთვის ცნობილია, თვითონ კანდიდატმა, რომელიც მოჰყავს მას, ბრძანა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე თვითონ გუბერნატორმა უთხრა პრემიერს, რომ ეს საკრებულოს თავმჯდომარე არის სუსტი და, თუ სუსტია, მაშინ მოაშორეთო. პრემიერი შეჰყავთ შეცდომაში. პიროვნება, რომელიც გუბერნატორს ახლდა, არის ჯუმბერ ლაშქარავა“.

ინგა ქარდავას მიერ საკრებულოს თავმჯდომარის ცრუ დასმენაში ბრალდებული ჯუმბერ ლაშქარავა უარყოფს პრემიერ-მინისტრთან მსგავს თემაზე საუბარს:

„მქონდა პატივი, რამდენიმე შეხვედრაზე ახლოს გავცნობოდი ბატონ პრემიერს, მაგრამ კონკრეტულად ამ თემაზე საუბარი იქ არ იყო. იქ იყო საუბარი პარტიულ დავალებებზე, რაც უკვე დაანონსებულია, რომ იქნება კონფერენციები და რაღაც გადახალისებები მოხდება, თორემ ამ თემაზე სხვა საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, - აცხადებს სენაკის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა. უმრავლესობის დანარჩენი წევრების მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით შედგენილ განცხადებაზე ხელის მოწერის მიზეზს ამ ეტაპზე არც ის განმარტავს.

სამაგიეროდ, დეპუტატების მსგავს ქმედებას ზეწოლას უკავშირებს თავად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ის ირწმუნება, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნით საკრებულოს უმრავლესობის განცხადება ზეწოლის შედეგად არის დაწერილი და რომ დეპუტატებს რეალურად მისი გადადგომა არ სურთ:

„ყოველივე ამას სათავეში უდგას ამჟამინდელი გუბერნატორი და ასევე ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი შონია და მისაბიშვილი. მათთვის მე ვარ მიუღებელი. პრემიერთან დამასმინეს, თითქოსდა მე არაფერს წარმოვადგენ და ვარ ბუტაფორია. ეს არის ჭორი. უბრალოდ, არ არსებობს ჯიშკარიანის პიროვნება იყოს ბუტაფორია. მე ვაცხადებ, რომ ვიდგები იქ, სადაც ვდგავარ - ჩემს ხალხთან. მე დიდ პატივს ვცემ ჩემს საკრებულოს წევრებს, შევდივარ მათ მდგომარეობაში, მათზე ახორციელებენ ზეწოლას. მწყდება გული, რომ ეს ასე მოხდა, რადგან თვითმმართველობა უნდა იყოს თვითმმართველი. მე ამას ვერ შევეგუები და ვიბრძოლებ სამართლებრივი გზით“, - განაცხადა ხვიჩა ჯიშკარიანმა.

თავის მხრივ, სენაკში გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ადმინისტრაციაში. როგორც პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ის განუცხადა, გუბერნატორს სენაკის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს და ბრალდებებიც მედიის საშუალებით შეიტყვეს. ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხთან მისმა დაკავშირებამ გააკვირვა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილიც:

„ერთი თვეა, რაც სენაკში არც ჩავსულვარ. მე მათ საქმეებში არ ვერევი. არა მგონია, ხვიჩა ჯიშკარიანს ჩემზე ეთქვას რამე. მე ეს უნდა გადავამოწმო“, - აღნიშნა მან.

სენაკის საკრებულოში განმარტავენ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ დეპუტატების ერთობლივი განცხადება შემოსვლიდან ერთი კვირის ვადაში უნდა დაკმაყოფილდეს. გამომდინარე აქედან, თვის ბოლომდე გაირკვევა, დარჩება თუ არა თანამდებობაზე ხვიჩა ჯიშკარიანი და გამოჩნდება ისიც, თუ რა მიზეზით დააყენეს დეპუტატებმა ეს საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG