Accessibility links

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაასახელა ვაცლავ ჰაველის პრემიის ფინალისტები


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ 2015 წლის ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის მისაღებად დასახელებულ ფინალისტებს შორის არიან ადამიანის უფლებების დამცველები რუსეთიდან, ავღანეთიდან და ბალკანეთიდან. ფინალისტებს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი მიიღებს პრემიას 60 ათასი ევროს ოდენობით, არიან: 88 წლის რუსი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა, ავღანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ავღანეთის ქალებისთვის“ და ბალკანეთის რეგიონული „ახალგაზრდული ადამიანის უფლებების ინიციატივა“. ლუდმილა ალექსეევა საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობას შეუერთდა 1960-იან წლებში, შემდეგ კი გახდა „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის“ დამფუძნებელი-წევრი. 1977 წელს ალექსეევა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო აშშ-ში. ის საბჭოთა კავშირში დაბრუნდა 1989 წელს საქმიანობის გასაგრძელებლად და გახდა „ჰელსინკის საერთაშორისო ფონდის“ პრეზიდენტი. „ქალები ავღანეთის ქალებისთვის“ არის ავღანეთის უმსხვილესი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც ქალებს თავშესაფარს სთავაზობს. ჯგუფი მუშაობს ავღანეთის 11 პროვინციაში, ავღანელი ქალებისა და გოგოების დასაცავად. ის უმეტესად ეხმარება ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც არიან წამების, მკვლელობის მცდელობისა და გაუპატიურების მსხვერპლნი. ინიციატივა „ახალგაზრდობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოქმედებს იმისათვის, რომ აღადგინოს კავშირები ბალკანეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების ახალგაზრდებს შორის. ორგანიზაციის მიზნებს შორის არის იზოლირებულ საზოგადოებებში უფლებადამცველებისთვის დახმარების გაწევა, ადამიანის უფლებების თემაზე დიალოგის წახალისება და ბალკანეთში არსებულ სათვისტომოებს შორის ნდობის აღდგენა. ახალგაზრდები მუშაობენ აგრეთვე ზომებზე, რომ აღმოფხვრან 1990-იან წლებში ბალკანეთის ომების დროს ადამიანის უფლებათა მასობრივად დარღვევების მემკვიდრეობა. სამივე ფინალისტი მიწვეულია პრემიის გადაცემის ცერემონიაზე. გამარჯვებულს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაასახელებს 28 სექტემბერს, სტრასბურგში შემოდგომის სესიის გახსნაზე.

XS
SM
MD
LG