Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგი: საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატოს იმედი


საქართველოს პროგრესი რეფორმების გზაზე აშკარაა და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აამაღლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას და გააძლიერებს ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. „ ევროატლანტიკური ინტეგრაცია მარტივი გზა არ არის, მას სჭირდება დრო, ძალისხმევა, რეალური ცვლილებების განხორციელება და საქართველოს მთავრობა ერთგულია ამ მიმართულებისა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს და ხაზს ვუსვამ თქვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს იმედი“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. საქართველოში სტუმრობისთვის ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, „იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში“. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მიერ გადადგმული ცალმხრივი პრაგმატული, კონსტრუქციული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

XS
SM
MD
LG