Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოს გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებისკენ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა თბილისში ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველოში ნატოს სამხედრო ობიექტის გახსნა რეგიონის უსაფრთხოებისთვის იქცევა დესტაბილიზაციის სერიოზულ ფაქტორად. ზახაროვას თქმით, ეს დასკვნა ეფუძნება ტრაგიკულ გამოცდილებას, როცა 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის გამოცხადებამ თბილისის იმჟამინდელ ხელისუფლებას შეუქმნა ილუზია, რომ ყველაფრის ნება დართეს და სამხედრო ძალით სამხრეთ ოსეთის დაპყრობის მცდელობისკენ უბიძგა. „ამ ავანტიურის შეუქცევად შედეგებს საქართველო დღესაც ვერ შეურიგდა, პრეტენზიას აცხადებს მეზობელი დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებზე და ჯიუტად არიდებს თავს მათთან ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტების ხელმოწერას“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ მათ, ვინც მსგავს სიტუაციაში თბილისს კვლავ ნატოსკენ ექაჩებიან. „რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ის კვლავაც შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მისი მოკავშირეების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკების უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველყოფას ითვალისწინებს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. მისივე თქმით, რუსეთი სათანადოდ გაითვალისწინებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ნემისმიერ ახალ მომენტს. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი 27 აგვისტოს, თბილისში გახსნეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მათი განცხადებით, ერთობლივი ცენტრის საქმიანობა არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის, ის აამაღლებს ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს და რეგიონულ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მშვიდობას განამტკიცებს.

XS
SM
MD
LG