Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასაპარლამენტო ოპოზიციამ „იმედის“ გადაწყვეტილება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ხელისუფლების ზეწოლად შეაფასა


ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები, დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ხელისუფლების ზეწოლად შეაფასა ათმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამ პროცესს წინ უძღოდა დამოუკიდებელი არხის, "რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ წამოწყებული ვითომდა სამართლებრივი პროცესი, რომლის უკან აშკარად იკვეთება ხელისუფლების კვალი და მისი მიზნები.“ არასაპარლამენტო პარტიების შეფასებით, არადემოკრატიული ფორმებით, ხელისუფლების ჩარევით ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებაც. „რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობის მტკიცებას, რომ ეს არის არხის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, შეუძლებელია ლოგიკურად აიხსნას, რატომ უნდა დახუროს დამოუკიდებელმა არხმა ყველაზე მაღალრეიტინგული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები“ - ნათქვამია არასაპარლამენტო პარტიების განცხადებაში. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, შეწყვიტოს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა და გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილს ოჯახს მოუწოდებენ, ნუ დაემორჩილება ამ ზეწოლას. არასაპარლამენტო ოპოზიცია მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო ყურადღება მიაქციოს საქართველოში ავტორიტარიზმის მზარდ გამოვლინებებს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ "ახალი მემარჯვენეები," "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა," "ევროპელი დემოკრატები," ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, "თავისუფალი საქართველო," ლეიბორისტული პარტია, "რეფორმატორები," "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის," "ტრადიციონალისტთა კავშირი" და ქრისტიან-დემოკრატიული პარტია. ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობამ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ საშემოდგომო სეზონზე დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტს და მიზეზად დაასახელა სურვილი, შეცვალოს არსებული გადაცემების ფორმატი და შეიმუშაოს თვისებრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებს.

XS
SM
MD
LG