Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ უკრაინის პარლამენტის შენობასთან აფეთქება მოხდა


გავრცელებული ცნობებით, უკრაინის ეროვნული გვარდიის რამდენიმე თანამშრომელი დაიჭრა ინციდენტში, რომელსაც ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა ყუმბარის აფეთქება უწოდა. როგორც პარლამენტარი ანტონ ჰერაშჩენკო „ფეისბუკით“ წერს, დაცვის წევრებს საბრძოლო ყუმბარა ესროლეს აქციის დროს, რომელიც აპროტესტებდა დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. დეპუტატის ცნობით, დაჭრილთაგან რამდენიმეს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები აქვს მიღებული. ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელიც აჩვენებს სისხლის ლაქებს ასფალტზე და ასახავს ეროვნული გვარდიის, სულ მცირე, ორი დაჭრილი წევრის ადგილიდან გაყვანის სცენას. „ხმამაღალი აფეთქების“ შესახებ ცნობები გავრცელდა მას შემდეგ, რაც გაიმართა ხმაურიანი საპროტესტო აქცია, მიმართული პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის წინააღმდეგ. კანონპროექტი მეტ ავტონომიას ანიჭებს ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს. პირველ მოსმენაზე რეგისტრირებული 368 პარლამენტარიდან კანონპროექტს 265 მიემხრო. კანონპროექტი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია თებერვალში მინსკში მიღწეულ საზავო შეთანხმებაში. უკრაინის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი შეიცავს პუნქტს, რომელიც ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებას მოაწესრიგებს საგანგებო კანონი. საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მისაღებად, სულ მცირე, 300 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

XS
SM
MD
LG